ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ორგანიზაციის „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით იწყებს პროექტს „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი“.
პროექტს მართავს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. ის მიზნად ისახავს შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებას ევროკავშირის სექტორის რეფორმის შესრულების ხელშეკრულების შესაბამისად (SRPC). პროექტის მთლიანი ღირებულებაა 820,000.00 ევრო.
პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), საქართველოს ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) ერთობლივი თანამშრომლობით.
პროექტის მიმდინარეობისას, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, შეიქმნება კოდირებისა და ტექნიკური მეწარმეობის კლუბები საქართველოს რეგიონებში, სულ 100 სკოლასა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
სასკოლო ტექნოლოგიური კლუბები მონაწილეობას მიიღებენ ტექკომპანიებთან შეხვედრებში, დასაქმების ბაზრობებზე, კონკურსებსა და ჰაკათონებში, რომლებიც ჩატარდება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ინოვაციურ ცენტრებში.
პროექტი, რომელიც EU4G-სა და Skills4Jobs-ის ფარგლებში ხორციელდება, საქართველოსთვის და მისი მდგრადი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.